Tuesday, December 16, 2008

სოფელი ქემერტი და კასრაძეების ოჯახი

მე და ჩემი სოფელი
მე ვარ ნანუკა კასრაძე.დავიბადე 1996 წლის 29 იანვარს ქალაქ გორში.ჩემი საცხოვრებელი ადგილი იყო სოფელი ქემერტი. იგი მდებარეობს ქალაქ ცხინვალიდან 8 კმ-ში სოფელ ქემერტში მიედინებოდა მდინარე ლიახვი, რომელიც იყო ძალიან ლამაზი და მისი დანახვა ბევრ ბავშვს უხაროდა. ზაფხულობით ჩვენთან სოფელში ძალიან არ ცხელოდა და შეგვეძლო ნებისმიერ დროს ბანაობა- იმის მიუხედავად, რომ წყალი თითქმის არ თბებოდა მაინც ვბანაობდით და სიცივეს არ ვუშინდებოდით, მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, სურდო არავის არ გვეკარებოდა. ლიახვის გარდა იყო ლამაზი და მრავალფეროვანი ბუნება ზამთრობით 30 სანტიმეტრამდე თოვლი მოდიოდა. გაზაფხულზე გოგონები დავდიოდით და დედებისათვის ენძელებს და იებს ვკრეფდით ხოლმე.ზაფხულში დიდი ჟრიამული იყო ბავშვების თუ დიდების. შემოდგომით დიდი თუ პატარა მივდიოდით სამუშაოდ, ვაშლის საკრეფად და ასე შემდეგ.
ასეთი ბუნების და ხალხის მიუხედავად, მაინც მომიწია ჩემი სოფლის დატოვება და გორში გადავედი. 8 აგვისტოს დაიწყო ომი, რომელსაც დღეს აგვისტოს მოვლენებს უწოდებენ. ამ ამბავმა ყველა ძალიან შეძრა და გააოგნა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს უკვე 5 თვეა, რაც ხალხმა საკუთარი სახლები დატოვა, წამოვიდა და ისიც კი არ იცის რა, მდგომარეობაშია მათი სახლები. ზოგმა ოჯახის წევრებიც კი დაკარგა და დღემდე არ იცის მათი ადგილ-სამყოფელი . რომ ვკითხავთ , აქვთ თუ არა სახლში დაბრუნების იმედი, მათი პასუხი არის მოკლე და კონკრეტული “არა”. ამის შემდეგ უკვე ყველასთვის გასაგები და ნათელი ხდება მიზეზი აგვისტოს მოვლენების შემდეგ მე და ჩემი სოფლელი თანატოლები წამოვედით თბილისში. აქ ძალიან გაგვაწვალეს დაბინავების მხრივ - ზოგი ადამიანი ასფალტზე იწვა, ზოგი კი- პარლამენტის წინ და ასე გადიოდა დღეები. ბოლოსდაბოლოს, დავბინავდით. მე მივედი სახელგანთქმულ თბილისის 1-ლ საჯარო სკოლაში. იქ მიღებას ვერც კი ვიოცნებებდი, მაგრამ ჩემი ოცნება ასრულდა და მოვხვდი 1-ლ სკოლაში. თან ძალიან თბილად მიმიღეს. ძალიან კარგი კლასიც შემხვდა და, რაც მთავარია, მასწავლებლებიც თბილად შემხვდნენ. ეს არის "მე და ჩემი სოფელი". მართალია, ცოტა გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამ სკოლაში მოვხვდი. ერთ დღეს ინფორმატიკის მასწავლებელმა, ნანა ნოზაძემ, შემოგვთავაზა პროექტ ”ჩემი საცხოვრებელი ადგილში” მონაწილეობის მიღება. ბავშვებმა გადაწყვიტეს, გაეგოთ უფრო მეტი ჩემი სოფლის შესახებ და გვესტუმრნენ იქ სადაც ჩვენ ამჟამად ვართ დაბინავებულნი-უზნაძის ქუჩაზე. მათ აიღეს ინტერვიუ ჩემი თანასოფლელებისაგან. მე ძალიან გამიხარდა მათი სტუმრობა. მოგვიტანეს ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის საკვები.


ნანუკა კასრაძე ქემერტიდან მე-7 კლასი

ღმერთო, გთხოვ, ყველას სახლი დაიფარე ომისაგან და დანგრევისგან, მთელი ხეობა, მსოფლიო დაიცავი და შენი კალთა გადააფარე. მე რომ ადამიანმა შემომხედოს, იტყვის, ეს უდარდელი და მხიარული გოგოაო, სინამდვილეში, ჩემს გულში რომ ჩაიხედონ, ნახავენ... ძალიან არ მოეწონებათ, რასაც ნახავენ: სიცარიელის მეტს ვერაფერს, რადგან ჩემი კერა, ჩემი ცხოვრების უდიდესი და საუკეთესო კუთხე წამართვეს: ჩემი სახლი, ჩემი ცხოვრება და სიხალისე. მაგრამ, იმ სიცარიელის გარდა, დარჩა ერთი პატარა ადგილი ჩემი ახლობლების სიყვარულისა. განა მე არ მწყინს და არ მტკივა ეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ თავის შეკავება აუცილებელია, რადგან ვეღარაფერს ვუშველი. ღმერთს ვენდობი და ვიცი, მჯერა, რომ დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, ჩემს სოფელში, ქემერტში. ჩემი გული და სული იქ არის. ისე მიკვდება გული, როცა ვფიქრობ ,რომ ჩემს სოფელში ვეღარ ვითამაშებ, მაგრამ ღმერთია ჩვენი მფარველი! ამინ !!!
აგვისტო 2008 წელი

No comments:

Post a Comment